„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს ბაქარ კორშიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sssm-26.jpgზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დაკავებულ აქტივისტს ბაქარ კორშიას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარგდენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას მოთხოვნა აღმკვეთი ღონისძიების სახით დაკავებულისთვის პატიმრობა შეეფარდათ. საქმის პროკურორის თქმით, ჩადენილი დანაშაული საზოგადოებრივ საშიშროებას წარმოადგენს.

დაკავებული ბაქარ კორშიას ადვოკატმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გირაოს შეფარდებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დაკავებულ კორშიას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ამასთან, ის წარსულში ნასამართლევი არ იყო, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ გაიზიარა. ნანა დარჩიას განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს როგორც არაობიექტურს, თუმცა ამბობს, რომ სასამართლოს შეეძლო ახალგაზრდა ადამიანისთვის შანსი მიეცა.

ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე რაიონული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. დღესვე, მოსამართლემ დაკავებული ბაქარ კორშია მარიხუანის მოხმარების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას ადმინისტრაციული სახდელის 500 ლარის ოდენობით გადახდა დააკისრა.

 „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბაქარ კორშია განმუხურში, ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის Gem Fest-ის ტეროტორიაზე 3 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. მის წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქარ კორშიას თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ ემუქრება.

 

Нравится