აქცია პროკურატურასთან - დაკავებულის ოჯახი უკანონო გადაწყვეტილებაზე საუბრობს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_prokuraturi-02.jpgსამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის მთავარ პროკურატურასთან პატიმარ გიზო ჭანიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავარ პროკურორ ილია ჯალაღანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ. ოჯახი აცხადებს, რომ გიზო ჭანია უდანაშაულოა, იგი 2012 წლამდე თავდაცვის სამინისტროში, აფხაზეთის კონტრდაზვერვაში მუშაობდა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოჯახის ინფორმაციით, გიზო ჭანია ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წევრი იყო. დაკავებულის ოჯახის განცხადებით, მას სამართალდამცავები თანამშრომლობას სთავაზობდნენ, თუმცა შემოთავაზებას გიზო ჭანია არ დათანხმდა. დაკავებულის ახლობლების განცხადებით, ამის შემდეგ მას იარაღი ჩაუდეს და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გასული წლის 5 ნოემბერს კი სასამართლომ მას თავისუფლება 4 წლის აღუკვეთა.

პროკურატურასთან ოჯახის წევრების აქციის დროს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა დაკავებული გიზო ჭანიას დამ. ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ლამზირა ჭანია მოგვიანებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, ოლქის პროკურორ ზაზა წულაიას დაკავებული გიზო ჭანიას მეუღლე შეხვდა. მისი ინფორმაციით, 10 მარტს ოლქის მთავარი პროკურორი ილია ჯალაღანია მათ შეხვდება.

ოჯახის განცხადებით, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიზო ჭანია მე -15 დღეა შიმშილობს.

Нравится