3 დღის წინ სოფელ ურთიდან გატაცებული 3 მამაკაცი დღეს მოკლული იპოვეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_gardacvlil-12.jpgსამი დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთიდან გატაცებული სამი მამაკაცი დღეს გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, კერძოდ, თავისა და გულმკერდის არეში. სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული, 1976 წელს დაბადებული პირი, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. ასევე, არსებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ სამივე გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებულმა დამარხა, თვითონ კი მიიმალა. უწყების ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილი მოგვიანებით ქუთაისში,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მოკლული მამაკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები მთელი დღის განმავლობაში ზუგდიდის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ისინი გამოძიების დაჩქარებას და საქმეში კრიმინალისტებისა და კინოლოგების ჩართვას ითხოვდნენ. სწორედ სამმართველოს ტერიტორიაზე შეატყობინეს მათ გატაცებულების გარდაცვალების შესახებ, რასაც ხმაური და სამმართველოს თანამშრომლებთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა. საჭირო გახდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლის მე -3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისუფლება 16 -დან 20 წლამდე ან უვადოდ აღეკვეთება.

Нравится