გატაცება სოფელ ურთიდან - პოლიცია გაუჩინარებულ 3 პირს ამ დრომდე ეძებს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_gatac-11.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთიდან 3 დღის წინ გატაცებულ 3 პირს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. დაკარგულებიდან ორი - პაატა ჩუბინიძე და მისი ბიძაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოდან არიან. მათი პარტნიორი კი, რომელიც ასევე გაუჩინარებულია, ხობის რაიონის მკვიდრია. არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებულებს ხორცის ბიზნესი ჰქონდათ და სამეგრელოში პირუტყვის შეძენით იყვნენ დაკავებულები. გაუჩინარებული პაატა ჩუბინიძის ახლობლის განცხადებით, სამი დღის წინ მას დაურეკეს და შეატყობინეს რომ სოფელ ურთაში მოსახლეობა საქონლის გაყიდვას გეგმავდა. ჩუბინიძე ბიძაშვილთან ერთად „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსით სოფელ ურთისკენ 8 თებერვალს გაემართა. ურთის გადასახვევთან ნაპოვნია მიტოვებული მიკროავტობუსი. ამასთან, სამართალდამცავებმა სოფელ ურთაში, მდინარე უჩაღელეში გადაგდებული ჩუბინიძის ტელეფონი იპოვეს.  გატაცებულის ახლობლები ეჭვობენ,რომ ისინი გაიტაცეს და გატაცება მათ საქმიანობას უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

Нравится