"დაიცავი დაუცველი ცხოველი" - ამ ლოზუნგით და მოწოდებით მოქალაქეები მერიასთან შეიკრიბნენ

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_dzagl-06.jpg"დაიცავი დაუცველი ცხოველი" - ამ ლოზუნგით და მოწოდებით მოქალაქეები ქალაქ ზუგდიდის მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდეს გააუქმოს ხელშეკრულება ოზურგეთის ძაღლთა თავშესაფართან, რომელიც, აქციის მონაწილეების განცხადებით, უპატრონო ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის მეთოდებით გამოირჩევა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უნდა შეიცვალოს ცხოველების მიმართ მიდგომები და დაჭერის არსებული პრაქტიკა. მშვიდობიანი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ეგნატე შამუგიას განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაარღვია პირობა, რომელიც პრობლემის მოგვარებას გულისხმობდა. მისი თქმით, თვითმმართველობამ უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის და ცხოველთა დაჭერის პრაქტიკის შეცვლის პირობა არ შეასრულა. აქციის მონაწილეებმა ოზურგეთის თავშესაფართან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვეს.აქციის მონაწილეებთან შეხვედრის სურვილი მოგვიანებით ქალაქის მერმა გამოთქვა და ისინი მასთან შეხვედრაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მეშვეობით დაიბარა, თუმცა აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს, რადგან აქციაზე ძაღლებთან ერთად იმყოფებოდნენ. საბოლოოდ, მერიის დარბაზში შეხვედრა მაინც შედგა. ირაკლი გოგოხიამ აქციის მონაწილე პირების მოსაზრებები მოისმინა, იყო კრიტიკული შეფასებებიც.აქციის მონაწილეები ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაჟღერებული ახალი პირობის შესრულების  და  ქალაქის მერთან ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინში არიან.

Нравится