სოფ ნარაზენის მოსახლეობა დღეს სკოლის აღდგენის მოთხოვნით სასწავლებლის ეზოში შეიკრიბა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_narzeni18.jpgსოფელ ნარაზენში რუსთველის უბნის მოსახლეობა დღეს სოფლის N1 საბაზო სკოლის ეზოში შეიკრიბა. ადგილობრივები სასწავლებლის პირვანდელი სახით აღდგენას ითხოვენ. მოსახლეობა ყვება, რომ ამჟამად სკოლაში ორი კლასი ფუნქციონირებს, სოფელში მცხოვრებლები ყვებიან რომ მოზარდებს ნარაზენის საჯარო სკოლამდე 7–8 კილომენტრიანი მონაკვეთის გავლა უწევთ ყოველდღიურად. ნარაზენის N1 საბაზო სკოლა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების საფუზველზე, 2006 წელს დაიხურა. პედაგოგების განმარტებით, ამ დროს სკოლაში 73 მოსწავლე ირიცხებოდა. მათივე თქმით, აღნიშნული სკოლა დახურვის შემდეგ ნარაზენის საჯარო სკოლას შეუერთდა. საბაზო სკოლის ყოფილი პედაგოგები ამბობენ, რომ სკოლის აღდგენის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა უწყებას, თუმცა უშედეგოდ. ნარაზენის საბაზო სკოლის ყოფილი შენობა, სადაც ამჟამად 2 კლას-კომპლექტი ფუნქციონირებს, სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. ადგილობრივები ინვენტარის ნაკლებობასა და ამორტიზებულ შენობას უჩივიან. ნარაზენის საბაზო სკოლის ყოფილმა პედაგოგებმა დახმარებისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისს მიმართეს. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსი არჩილ თოდუა ამბობს, მათ ნარაზენის საბაზო სკოლასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს წერილით უკვე მიმართეს. არჩილ თოდუას განცხადებით ორგანიზაცია უწყებას წერილობით ხელახლა მიმართავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის განათლების რესურს ცენტრის უფროსს ლელა ქებურიას ვერ დავუკავშირდით,ქებურია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

Нравится