გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად რუხში მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_saavad-20.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დღეს რუხში მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.  ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვისაა ნავარაუდევი და რეგიონში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების საუნივერსიტეტო კლინიკა დაიწყებს ფუნქციონირებას. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კლინიკა მრავალფუნქციური დაწესებულება იქნება, სადაც სტუდენტებს, რეზიდენტებს მნიშვნელოვანი ცოდნის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა 220 ადგილზეა გათვლილი. კლინიკის ტერიტორიაზე დაგეგმილია აუდიტორიებისა და ბიბლიოთეკის მოწყობა, ასევე სასტუმროს მშენებლობა, სადაც სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრები, ახლობლები და რეზიდენტები განთავსდებიან. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოს პროექტის საერთო ღირებულება 41 მილიონ 264 ათას ლარს შეადგენს და ის მთლიანად სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში 600 -მდე ადამიანი დასაქმდება. რეგიონული მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პაციენტს მიიღებს. ისინი მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უმოკლეს ვადაში მიიღებენ.

Нравится