ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი ზუგდიდში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_teatri-04.jpgზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დასმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენება გამართა სახელწოდებით - "ჭკვიანი გიჟები". დუმბაძის ნაწარმოებების ყველაზე სახასიათო და საყვარელი პერსონაჟები ერთ სცენაზე - სპექტაკლში გალაქტიონ მთვარაძემ, ბეჟანამ, დიდრომ და სხვა გმირებმა ერთად მოიყარეს თავი. წარმოდგენის გამაერთიანებელი ბაჩანას პერსონაჟი გახლდათ, რომელმაც სპექტაკლის მანძილზე რამდენიმე გმირი - ნოდარი, სოსოია და ზურიკელა გააერთიანა. მწერლის საყვარელმა პერსონაჟებმა სიყვარულის, სიკეთისა და გულწრფელობის ყველასათვის საყვარელი ეპიზოდები გააცოცხლეს. ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს მაყურებლების მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება მოჰყვა. დარბაზში ხან სამარისებური სიჩუმე იდგა, ხანაც დუმბაძის ცნობილი გმირების მიერ წარმოთქმულ ფრაზებზე მაყურებელი გულიანად იცინოდა. საბოლოოდ, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის - "ჭკვიანი გიჟები" ჩვენება ზუგდიდში ანშლაგითა და მაყურებლების ტაშის ფონზე ჩაიარა.

Нравится